ინციდენტი სადახლოში: მომხდარ ფაქტს პოლიცია იძიებს

არჩევნების მოახლოებასთან ერთად საარჩევნო კამპანია სულ უფრო ძალისმიერ ხასიათს იძენს, რაზეც მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მორიგი ინციდენტიც მეტყველებს.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. სოფელ სადახლოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ აქტივისტების გამოკითხვა მარნეულის პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამე გაგრძელდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

მარნეულში ოპოზიციური პარტიის აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს

ინცინდენტი გუშინ, საღამოს მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს, სავარაუდოდ, პნევმატური თოფიდან ესროლეს იმ დროს, როდესაც ის სააგიტაციო ბანერს აკრავდა. ოპოზიციური პარტია მომხდარ ფაქტში მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ადანაშაულებს.

„ჩვენ გვქონდა ბილბორდი, რომელიც უკანონოდ ჩამოხსნეს და გუშინ ჩვენ მას თავიდან ვამონტაჟებდით. სწორედ ამ დროს ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს ესროლეს. იგი საავადმყოფოშია მოთავსებული. მინდა გავაფრთხილო მმართველი პარტია და ვუთხრა, რომ ვერც საფანტი და ვერც ქვების სროლა მათ ხელისუფლების შენარჩუნებაში ვერ დაეხმარება“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს. 

„ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია და მას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. თუმცა, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ ყოველივე ამის უკან მმართველი პარტია დგას, ეს ტყუილია. ჩვენ ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი აქტივი გარკვეულწილად სიტუაციის გამწვავებას შეეცდება. როგორც ჩანს, ეს ხდება კიდეც“, – აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების“ მუხლით იძიებს.

ქვემო ქართლის რეგიონში ეს დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის, ორი დღის წინ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის სერიოზული შეხლა-შემოხლა ბოლნისში მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.