აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

გამოძიების ჩატარების მიზეზი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წერილი გახდა დემარკაციის კომისიის არასამართლებრივი საქმიანობის შესახებ
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის“ მუხლით. საკითხი ეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციასა და დემილიტაციას, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიების დაწყების საბაბი გახდა თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 17 აგვისტოს მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

დავით–გარეჯის საკითხი შეიძლება მალე გადაწყდეს: ახალი გარემოებები და ორი მინისტრის შეხვედრა

„თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად პროკურატურა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების მოქმედებების კანონიერებას სწავლობს. უკვე დაიწყო კარტოგრაფიული ექსპერტიზა საქმეზე, რომლი შედეგებზე პროკურატურა ასევე მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.

დავით-გარეჯის დამცველებმა საგარეო უწყებას გადაუწყვეტელი პრობლემა შეახსენეს>>

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი ქართულ–აზერბაიჯანული კომისია 1996 წელს შეიქმნა.

რა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა

არსებობის 15 წლის განმავლობაში საზღვრის თითქმის 70%-ის დაზუსტების სამუშაოები შესრულდა, მაგრამ 2007 წელს დელიმიტაციის ჩატარების პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი სადავო ტერიტორიად მიიჩნევს დავით–გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გახდა მეტად აქტუალური, რაც გასული წლის აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზების გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – მიმდებარედ საპროტესტო აქციების გამართვა.

ამის შემდეგ მუშაობა განაახლა დემარკაციის კომისიამ.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.