საქართველოს პარტიარქი უკრაინაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

„ვილოცებთ მათი უკვდავი სულებისთვის“ – წერს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინის პრეზიდენტისა და კიევის მიტროპოლიტისადმი გაგზავნილ სამძიმრის წერილში.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხარკოვის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი გაუგზავნა

„ძალიან მტკივნეულია“ - საქართველოს პირველი პირები უკრაინას ტრაგედიის გამო უსამძიმრებენ

26 სექტემბრის საღამოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევთან ახლოს ჩამოვარდა, იმ დროს, როდესაც სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ბორტზე იმყოფებოდა 27 ადამიანი – ეკიპაჟის 7 წევრი და 20 კურსანტი. 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორმა კურსანტმა თვითმფრინავიდან გამოსვლა მოახერხა, თუმცა ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ჩვენ ვლოცულობთ მათი უკვდავი სულებისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი და თანადგომა გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მთელ უკრაინელ ხალხს. დაშავებულთ კი ვუსურვებთ, ღვთის წყალობით, მალე გამოჯანმრთელებას", – ნათქვამია ილია მეორის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს განცხადებით, მსგავსი წერილი გაეგზავნა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, მის უნეტარესობა ონოფრეს.