„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ოპოზიციასთან დებატებზე უარს აცხადებს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ დისკუსია ოპოზიციურ პარტიებს შორის წინასაარჩევნო კამპანიას აზიანებს
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს ისეთ დებატებში მონაწილეობაზე, სადაც არ იქნება წარმოდგენილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

ქართველი პოლიტიკოსი უსაფრთხოების რეგიონული საბჭოს შექმნის წინადადებით გამოდის >>

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, დისკუსია ოპოზიციურ პარტიებს შორის ზიანს აყენებს მთლიანად წინასაარჩევნო კამპანიას. „ნაცმოძრაობას“ არ სიამოვნებს ისეთ პოლემიკაში მონაწილეობა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს, ხაზი გაუსვა მან.

„არ მივიჩნევთ, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენი კონკურენტები არიან. ისინი ჩვენი მომავალი მოკავშირეები არიან. კონკურენტი მხოლოდ მმართველი პარტიაა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეიდან წყვეტს ოპოზიციურ პარტიებთან დისკუსიაში მონაწილეობას. ეს საერთო მიზნისთვის დამაზიანებელია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ოპოზიციური პარტიები ეკონომიკისა და განათლების სფეროებში რეფორმების პრინციპებზე შეთანხმდნენ

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ბლოკის „ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში. დღეისათვის სააკაშვილი წარმოადგენს ნაცმოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და დავის მთავარ საგანს ოპოზიციისთვის, რომელიც ცოტა ხნის წინ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობდა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს - 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი - მაჟორიტარულ ოლქებში. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის 1%-ია.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 3 501 931 საქართველოს მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.