თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
სიტუაცია მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრის დილას მკვეთრად გამწვავდა - ბაქო და ერევანი ერთმანეთს აგრესიაში ადანაშაულებენ. ბაქო და ერევანი ერთმანეთს სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, ხოლო აზერბაიჯანის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა დღევანდელ სხდომაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულება ქვეყნის გარკვეულ ქალაქებსა და რაიონებში „სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ“ დაამტკიცა.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საკითხების განყოფილების ხელმძღვანელმა ჰიკმეტ გაჯიევმა განაცხადა, სამხედრო მდგომარეობა ძალაში 28 სექტემბერს 00:00 საათზე ამოქმედდება.
ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ევლახში, მინგეჩაურში, ნაფთალანში, ასევე ქვეყნის სხვა რაიონებში 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სპეციალური ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლა აიკრძალება.
დღეს სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ განაცხადეს სომხეთშიც და ამავდროულად საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკებები დაიწყონ.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს - რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.