ბაჩალიაშვილის საქმე: სკანდალური ფოტოების გამომგზავნი პატიმრობაშია

ბრალდების ვერსიით, ფურცხვანიძემ ადვოკატისგან შემთხვევის ადგილის კოორდინატები შეიტყო, მოიპოვა ძველი სატელიტური ფოტოები და მათი გადაღების თარიღი გააყალბა.
Sputnik

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა დავით ფურცხვანიძეს, რომელსაც ბრალად ედება გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის სამხილების გაყალბება და კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა, იუწყება პირველი არხი.

საიდან და რისთვის გაჩნდა ყალბი კადრები ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აცხადებდა, რომ თავისუფლებაზე მყოფმა დაკავებულმა შეიძლება ქვეყანა დატოვოს, რადგან მას აქვს ნაყიდი ავიაბილეთი და უცხოურ ბანკში ანგარიშზე თანხაც გააჩნია.

ადვოკატები გირაოს მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ფურცხვანიძე აპირებდა წასვლას მივლინებაში, და არა სამუდამოდ.

ფურცხვანიძე პარასკევს დააკავეს. იყო დაღუპული პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის წყარო. საუბარია ე.წ. სატელიტურ ფოტოებზე, რომლებიც რამიშვილმა გაავრცელა. ფოტოებზე, რომლებიც 19–22 ივლისითაა დათარიღებული, ჩანს, რომ გოგონას ავტომობილი იმ ადგილზე არ იდგა, სადაც გარდაცვლილი 22 ივლისს აღმოაჩინეს.

დაკითხვა საპროტესტო აქციის ფონზე - სკანდალი ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ არ წყდება >>

პროკურატურამ დაადგინა, რომ ფურცხვანიძემ, რომელიც ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისულ ცენტრს“, საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირებისა და დაფინანსების მიღების მიზნით გააყალბა მტკიცებულებები, რომლებიც გაამყარებდა ოჯახის ვერსიას იმის შესახებ, რომ დაღუპული გოგონას ავტომობილი იმ ადგილზე იმ დღეს მიიყვანეს, როცა გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმე: პროკურატურამ დავით ფურცხვანიძე დააკავა

ბრალდების ვერსიით, ფურცხვანიძე დაუკავშირდა რამიშვილს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 7 სექტემბერს დავით ფურცხვანიძემ სოციალურ ქსელ „სკაიპის” მეშვეობით მიიღო პროგრამა zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები და განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება.

ამ მიზნით ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა თავის შვილს და სთხოვა დაემუშავებინა ისე, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. 

დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ WhatsApp-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით.

დაკითხვისას ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ ეს ფოტოები ავთენტურია, თუმცა ექსპერტიზამ მათი გაყალბების ფაქტი დაადგინა.

ახლა მას 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.