მსოფლიო დღეს

„ძალიან მტკივნეულია“ - საქართველოს პირველი პირები უკრაინას ტრაგედიის გამო უსამძიმრებენ

პრეზიდენტმა და პრემიერმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვეს
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს Тwitter-ის საშუალებით სამძიმარი გამოუცხადეს.

ავიაკატასტროფა უკრაინაში: გარდაცვლილების რიცხვი გაიზარდა >>

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 გუშინ საღამოს ხარკოვის ოლქში ქალაქ ჩუგუევთან ახლოს იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ბორტზე იმყოფებოდა 27 ადამიანი - ეკიპაჟის 7 წევრი და 20 კურსანტი. 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორმა კურსანტმა თვითმფრინავიდან გადმოსვლა მოახერხა, მაგრამ დღეს ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

​„ძალიან მტკივნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ახალგაზრდა კადეტებისა და პილოტების დაღუპვის გაგება. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და უკრაინელ ხალხთანაა“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფით, რომელსაც ბორტზე მყოფი ადამიანების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს გიორგი გახარია.

​უკრაინელმა გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე ფრენების და მათი მომზადების წესების დარღვევის მუხლით აღძრეს. განიხილება კატასტროფის ოთხი ვერსია: ტექნიკური გაუმართაობა, ეკიპაჟის შეცდომა, ფრენებზე პასუხისმგებელ პირთა მიერ მოვალეობების არასათანადო შესრულება, თვითმფრინავის ტექმომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები.