შალვა ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრობას აპირებს

ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრობის რიგით მეოთხე კანდიდატი გახდა. პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ საქართველოში აღარ იქნება მშიერი, ღარიბი და ქვეყნიდან გაქცევის მსურველი ადამიანები
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

გახარია: მოვახერხეთ, გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას და მწვანე ზონად დავრჩენილიყავით

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - ერთ-ერთი უძველესი პარტიაა ქვეყანაში, ხოლო ნათელაშვილი მისი უცვლელი ლიდერია. ბოლო დროს პარტია შევიდა კოალიციაში სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობის შექმნას გეგმავენ.

„მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, მხარდაჭერა და ღმერთის ნება. რის შემდეგადაც მეორე დღეს ჩვენ გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უიმედო, უმუშევარი და ქვეყნიდან გაქცევის მსურველი, დაჩაგრული, უსამართლობაში მცხოვრები, რეპრესირებული ადამიანები“, - განაცხადა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ ის ასევე თავისი პარტიის პარტიულ სიას ჩაუდგება სათავეში.

ვაშაძე: არ შეიძლება, ფორსმაჟორის დროს იჩაგრებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესი >>

ამგვარად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრობის რიგით მეოთხე კანდიდატი გახდა.

ვინ და როგორ აშუქებს არჩევნებს? სპეციალისტებმა ქართული მასმედია გააანალიზეს

უკვე ცნობილია პრემიერობის სხვა კანდიდატებიც - მთავრობის მოქმედი მეთაური გიორგი გახარია (მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი („ძალა ერთობაშია“) და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძე (პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“).

კონსტიტუციაში გაწერილი პროცედურების თანახმად, პრემიერ-მინისტრს წარადგენს ის პარტია, რომელიც არჩევნებზე ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს. თუ კანდიდატი ვერ მიიღებს საკმარისი რაოდენობის ხმებს, განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ინიშნება. განმეორებითი არჩევნების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ორი კვირის განმავლობაში მხარდაჭერას მოიპოვებს ის კანდიდატი, რომელსაც დეპუტატების ერთი მესამედი წარადგენს.