ჩხენკელი: აჭარის რეგიონის მოსწავლეები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უკვე უწოდეს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, ფოთსა და გორში კი სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. 

როდის განახლდება სწავლა სკოლებში – მთავრობის გადაწყვეტილება

„დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს საკლასო ოთახებში. ყველა სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი განახლდება, სრულ მზადყოფნაშია, რათა სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული“, – განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე, სპეციალურად განკუთვნილ რესურს-ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს. 1 ოქტომბრიდან აგრეთვე შემუშავდება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები მშობლებთან შეათანმხებენ, განაცხადა ჩხენკელმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.