აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველ პირებსა და რამდენიმე მინისტრს შეხვდება
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ხუთშაბათს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა, იუწყება პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

აზერბაიჯანის ახალმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

ვიზიტის ფარგლებში ბაირამოვი შეხვდება ასევე საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, პარლამენტის ვიცესპიკერ კახა კუჭავას და პარლამენტის დეპუტატებს.

საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ორმხრივ ფორმატშიც და საერთაშორისო პროექტების ფარგლებშიც. ქვეყნები მონაწილეობენ მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.

დიპლომატიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.

ყოველწლიურად ვითარდება სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები. საქართველოს წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი აზერბაიჯანელი ტურისტი სტუმრობს.