COVID-19-ის შემთხვევების ზრდა: მედიკოსები საწოლების ეკონომიის მოწოდებით გამოდიან

კორონავირუსით ინფიცირებულების საგანგაშო დღიური ზრდა ლოგიკურ კითხვას იწვევს – საკმარისია თუ არა საწოლები საავადმყოფოებში?
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თუ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ლოკალიზაცია ვერ მოხერხდება, პაციენტებზე სამედიცინო რესურსების თანაბრად განაწილებაც ვერ მოხერხდება, განაცხადეს მედიკოსებმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

მოსალოდნელ რისკებზე საუბრისას ექიმებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის მზარდი სტატისტიკის პირობებში საჭიროა, რომ სტაციონარში განთავსდნენ მხოლოდ შედარებით მძიმე პაციენტები, ხოლო ვისთანაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში ვითარდება, ისინი სახლში მკურნალობდნენ.

საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

„თუ ეს ასე გაგრძელდა ორი-სამი თვის განმავლობაში, ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით პაციენტები დაგვიგროვდება, გაჭირდება მათი მოვლა, ტრიაჟი, ანალიზების დროულად გაცემა. ამიტომ საწოლები არ დავაკავოთ, ძალიან ძვირფასი რესურსი, რომელიც დასჭირდება იმ ადამიანებს, რომელთაც ავადობა ექნებათ“, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საავადმყოფოს რესურსების ეკონომიის აუცილებლობაზე ისაუბრა ასევე ინფექციონისტმა, კლინიკა NeoLab-ის კლინიკური განყოფილების გამგემ მაია ბუწაშვილმა.

მეზვრიშვილი: ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება>>

„ჩაკეტვა და კარანტინები მთლიანად, რა თქმა უნდა, ვერ აჩერებს პროცესს და უბრალოდ გადაავადებს, რომ დრო იყოს მომზადებისთვის და ეს მივიღეთ ჩვენც. როდესაც შევამსუბუქეთ რეგულაციები, შესაბამისად მივიღეთ აღმავლობა. ახლა მთავარია დაიგეგმოს ამ ინფიცირებულთა მართვა. ერთ-ერთი ეს საშუალება, რომლითაც ჩვენ ეფექტურად ვმართავთ, იქნება ის, რომ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები დარჩნენ ბინაზე და ჰოსპიტალური რესურსი აღარ დავახარჯოთ მათ“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.

COVID-19 საქართველოში: კვლავ ანტირეკორდი – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643, გარდაიცვალა 24 ადამიანი.

ამასთან, გუშინ და დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობა 200-ს გადასცდა. გუშინ იყო 218, ბოლო 24 საათში კი ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი – 227 შემთხვევა დაფიქსირდა. გუშინ გარდაიცვალა სამი, ხოლო დღეს კიდევ ერთი ადამიანი.

მიუხედავად ეპიდემიური სიტუაციის გაუარესებისა, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ აპირებს, თუმცა ისევ დააწესა გარკვეული შეზღუდვები – აიკრძალა ქორწილები, ქელეხები და სხვა მასობრივი ღონისძიებები. ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში გადაიდო სწავლა სკოლებში, 15 სექტემბრიდან აქ სასწავლო პროცესი ონლაინ–რეჟიმში მიმდინარეობს.

იგეგმება თუ არა თბილისში საველე კარვების მოწყობა? – გამყრელიძის განმარტება>>

ქვეყანაში დაკეტილია საზღვრები – მოქმედებს შეზღუდვები საერთაშორისო სახმელეთო, საზღვაო და ავიამიმოსვლაზე.