მოსაზრება: რატომ განუახლა შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები

შეერთებულმა შტატებმა ანტიირანული სანქციები სრული მოცულობით აღადგინა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს იმით ახსნა, რომ თეირანი არ ასრულებს „ბირთვული შეთანხმების“ პირობებს.
Sputnik

გალია იბრაგიმოვა

გაეროსა და ევროკავშირში ამერიკელთა არგუმენტები დამაჯერებლად არ ჩათვალეს და უარი თქვეს, შეერთებოდნენ ვაშინგტონს. რისკენ ისწრაფვის თეთრი სახლი და რა პოზიცია აქვს საერთაშორისო საზოგადოებას?

ცალმხრივი ზეწოლა

„გაეროს უშიშროების საბჭომ არ გაუხანგრძლივა ირანს იარაღის მიწოდებაზე ემბარგო. მაგრამ აშშ უმოქმედოდ არ რჩება და სანქციები დააბრუნა. თუმცა ამჯერად არა მარტო თეირანის, არამედ ემბარგოს ყველა დამრღვევის მიმართ“, — განაცხადა მაიკ პომპეომ და მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონს.

ტრამპი ირანს „ათასჯერ მასშტაბური“ შეტევით დაემუქრა: ცნობილია მიზეზი

მაგრამ რეაქცია საპირისპირო გამოდგა. გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა („ევროსამეული“) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც თეთრი სახლის ნაბიჯებს გმობდნენ.

„აშშ ირანულ პროგრამაზე მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმიდან 2018 წლის 8 მაისს გავიდა და აღარ მიიჩნევა „გარიგების“ მონაწილედ. ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონის არანაირ გადაწყვეტილებას არ აქვს იურიდიული ძალა“, — აღნიშნეს „ევროსამეულის“ მინისტრებმა.

პარიზი, ბერლინი და ლონდონი, პირიქით, სანქციების შესუსტებას განაგრძობენ. მინისტრების თქმით, ირანისთვის შეზღუდვების მოხსნა გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციითა გათვალისწინებული. ამ დოკუმენტმა ოფიციალურად დაამტკიცა 2015 წელს შეთანხმებული „ბირთვული გარიგება“.

„ჩვენ გამუდმებით ვუჭერდით მხარს მის შენარჩუნებას და განვაგრძობთ ამის კეთებას“, — ხაზი გაუსვეს ევროპელებმა.

ევროპული დაპირებები

დონალდ ტრამპი „გარიგებიდან“ ორი წლის წინ გავიდა და მიზეზად ის დაასახელა, რომ თეირანი ფარულად ავითარებს ბირთვულ პროგრამას. მას არანაირი მტკიცებულებები არ მოუყვანია, თუმცა სანქციების დაბრუნება კი მოითხოვა.

რუსეთმა, ჩინეთმა და ევროპელებმა ეს დაგმეს და ხაზი გაუსვეს, რომ დოკუმენტი აშშ-ის გარეშეც განაგრძობს მოქმედებას. გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სპეციალური კანონიც კი მიიღეს, რომელიც კომპანიებს ირანთან თანამშრომლობის უფლებას ანიჭებს. იმისათვის, რომ ბიზნესს აშშ-ის ზეწოლისა არ შეშინებოდა, განსაკუთრებული საფინანსო მექანიზმი INSTEX-იც კი შეიმუშავეს.

მოსაზრება: აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ

თუმცა, ეფექტი შეზღუდული აღმოჩნდა. კომპანიები მაინც ტოვებდნენ ირანის ბაზარს და ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა მკვეთრად დაეცა. თეირანთან თანამშრომლობა ჩინელებმაც კი გაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა დაგმო ამერიკული სანქციები.

ირანის ხელისუფლებამ მოლოდინის რეჟიმი აირჩია იმის იმედით, რომ ევროპელები მოახერხებდნენ ვაშინგტონის დარწმუნებას – არ დაეთრგუნა ბიზნესი. მაგრამ იმის კვალდაკვალ, თუ როგორ გადიოდნენ უცხოური კომპანიები ქვეყნიდან, ხოლო ვაშინგტონის შერბილების იმედი ქრებოდა, თეირანმა ბირთვულ პროგარამაზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

ფორმალურად მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა (JCPOA) მუშაობს, მაგრამ „გარიგების“ მონაწილეთა ურთიერთბრალდებები მისდამი ნდობას ანგრევს. თეირანის უარს, დაიცვას დოკუმენტის პირობები, ვაშინგტონი „აიათოლების რეჟიმზე“ ახალი შეტევის ახალ არგუმენტად იყენებს.

„ემბარგოს გაუქმება არ უნდა დაიშვას“

ყველაზე მეტად ამერიკელები იმას უფრთხიან, რომ 18 ოქტომბერს თეირანს იარაღზე ემბარგო მოეხსნება. ამ შიშებს ირანის მეზობლები კიდევ მეტად ამწვავებენ.

მაგალითად, ისრაელი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და კუვეიტი მიუთითებენ, რომ აკრძალვების გაუქმების შემდეგ ისლამური რესპუბლიკა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და თანამედროვე გამანადგურებლებს შეიძენს რუსეთისა და ჩინეთისგან. ეს გააძლიერებს ირანს და რეგიონში ვითარებას გაართულებს. იმისათვის, რომ ასეთი სცენარი არ დაუშვან, თეირანის მოწინააღმდეგეები აშშ-ის გავლით მოქმედებენ.

აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს: ვის შეეხება შეზღუდვები

აგვისტოში ამერიკელებმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინეს რეზოლუცია იარაღის ემბარგოს გახანგრძლივების თაობაზე და ეს იმით გაამყარეს, რომ თეირანი „ჰესბოლას“ აიარაღებს ლიბანსა და სირიაში, ასევე შიიტ ბოევიკებსაც აწვდის იარაღს ერაყში, რომლებმაც არაერთხელ მოაწყვეს შეჯახება ადგილობრივ სამხედროებთან.

„ევროსამეული“ ამერიკელების შიშებს იზიარებს, მაგრამ მათ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. რუსეთმა და ჩინეთმა კი მიანიშნეს, რომ ამ მიმართულებით აშშ-ის ყველა ძალისხმევას დაბლოკავენ. ირანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ასეთი რეზოლუცია საბოლოოდ დაუსვამს ჯვარს „ბირთვულ გარიგებას“.

გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო ამერიკული პროექტი. მაგრამ უკვე ერთი კვირის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც თითქოს ადასტურებდა, რომ თეირანი „გარიგებით“ ნაკისრ ვალდებულებებს არღვევდა. მასში საუბარი იყო იმაზე, რომ ირანმა გამდიდრებული ურანი დადგენილ ნორმაზე 300 კგ-ით მეტი დააგროვა.

მაიკ პომპეო არ მალავდა, რომ ვაშინგტონს სანქციების სრული მოცულობით აღდგენა სურდა. უშიშროების საბჭოში მათ შეახსენეს: აშშ-ს არ შეუძლია იმსჯელოს „გარიგების“ პირობების დაცვაზე, ვინაიდან ის იქიდან გავიდა. ამერიკელებმა კი უპასუხეს, რომ ისინი კვლავინდებურად რჩებიან მათ შორის, ვინც რეზოლუცია 2231 დაამტკიცა და, შესაბამისად, ინარჩუნებენ სანქციების უფლებას.

ამასთან მიუთითეს, რომ, „გარიგების“ თანახმად, თუ ირანის მიმართ საჩივრის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში ზომებს არ მიიღებდნენ, სანქციები აღდგებოდა. ვადა 20 სექტემბერს ამოიწურა.

მოლოდინის დიპლომატია

ისრაელის ხელი: ირანის ბირთვულ ობიექტზე აფეთქება მოხდა – ვრცელდება ვიდეო

„გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში უშიშროების საბჭოში კონსენსუსის არარსებობას დაეყრდნო და ამერიკული სანქციების აღდგენას წინააღმდეგობა გაუწია. ამერიკულ გადაწყვეტილებას იგნორირებით უპასუხეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოშიც, ევროპაში კი მკვეთრად გააკრიტიკეს. ვაშინგტონი საკმაოდ დამცირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, — მიაჩნია ექსპერტ ანდრეი ბაკლიცკის.

მიუხედავად ამისა, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამერიკულმა სანქციებმა მაინც დააფრთხოს უცხოური ბიზნესი. თუ ოქტომბერში იარაღის ემბარგო გაუქმდება, კომპანიებიდან ბევრი მაინც არ მოისურვებს ირანთან ვაჭრობას. აშშ-ის ზეწოლის ქვეშ აღმოჩენის საფრთხე გადაწონის. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი ვაშინგტონის ქმედებები მეტისმეტი ჩანს.  

„ევროპული კანონმდებლობა იარაღის ემბარგოს 2023 წლამდე მოიაზრებს. ამიტომ საერთაშორისო აკრძალვების მოხსნის შემთხვევაშიც კი ევროკავშირი ვერ შეძლებს თეირანთან თანამშრომლობას ამ სფეროში. რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით ვითარება კიდევ უფრო საინტერესოა. ამ ქვეყნების ის კომპანიები, რომლებსაც პოტენციურად შეეძლოთ ირანისთვის იარაღის მიყიდვა, უკვე სანქცირებული არიან. მათ არავინ უშლის ხელს, დადონ პომპეზური გარიგებები თერანთან ემბარგოს მოხსნის შემდეგ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თაირანი იარაღს მაშინვე მიიღებს, მაგრამ აშშ-ის მორალური მარცხი აშკარა იქნება“, — მიაჩნია ბაკლიცკის.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რაფაელ სატაროვი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თეირანმა აშშ-ის ცალმხრივ სანქციებზე თავშეკავებული რეაქცია გამოავლინა. მისი თქმით, ირანის ხელისუფლებას არ სურს ვითარების გამწვავება ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

„ისლამურ რესპუბლიკას ესმის, რომ აშშ-ის მიმართ ნებისმიერი მკვეთრი გამონათქვამი მხოლოდ ზიანს მიაყენებს. ტრამპი მაშინვე თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ირანთან მორიგ კრიზისს და რეჟიმზე ზეწოლას გააძლიერებს. გარდა ამისა, ახლა ევროპა, რუსეთი, ჩინეთი და გაერო ირანის მხარეს არიან. სიტყვიერ კონფრონტაციას აზრი არ აქვს. ხოლო ცალმხრივ სანქციებს საერთაშორისოდ აღიარებული კანონიერი ძალა არ აქვს“, — ამბობს სატაროვი.

გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ აშშ-ის შემდგომი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება, ამერიკელები შეძლებენ დაუბრუნდნენ „გარიგებას“. მაგრამ ტრამპის პრეზიდენტობის წლებში ირანის ირგვლივ ვითარება შეიცვალა და ამიტომ „გარიგებაში“ დაბრუნება არც ისე მარტივი იქნება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს