საქართველოში დაჯილდოვდა სამხედრო, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას გადაურჩა

ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანებები 2017 წლის 6 სექტემბერს, მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ შესრულებისას მიიღო.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2017 წელს მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ივერი ბუაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დააჯილდოვეს მედლით „მხედრული მამაცობისთვის“, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

კიდევ ათი: ავღანეთში კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი სამხედროების რაოდენობა გაიზარდა

ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. მან მკურნალობისა და შემდგომში სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში, აშშ-სა და საქართველოში გაიარა. 

ამჟამად ქართველი ოფიცერი თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს.

დღესვე უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს კაპიტნის წოდება მიენიჭა. შესაბამისი წოდებრივი სამხრეები მას გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მუნდირზე პირადად დაუმაგრა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამხედრო მოსამსახურეს მხედრული ვალის პირნათლად შესრულებისათვის მადლობა გადაუხადეს და რეაბილიტაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს. 

კაპიტანი ივერი ბუაძე თავდაცვის მინისტრის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად დაჯილდოვდა.

მოსაზრება: აშშ-ის ერაყული კამპანიის წარმატებები და შეცდომები

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.