ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ბოცვრის თათი“ რუსეთში ჯილდო მოიპოვა

ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 13–20 სექტემბრის პერიოდში ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართა.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ნანა ჯორჯაძის ფილმ „ბოცვრის თათის“ (Кроличья лапа) ოპერატორმა მიხეილ კვირიკაძემ რუსეთის კინოსა და თეატრის XVIII ფესტივალზე „ამურის შემოდგომა“ საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის ჯილდო მოიპოვა, ნათქვამია ფესტივალის Facebook-გვერდზე.

ფესტივალი ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში 13–20 სექტემბრის პერიოდში ეპიდუსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით გაიმართა. 

დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „დასაწყისი“ ტორონტოში ჯილდო მოიპოვა

ტრადიციულად „ამურის შემოდგომის“ ფარგლებში გაიმართა სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების, თეატრალური სპექტაკლების კონკურსები, ასევე მასტერ-კლასები და შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები და გამოფენები.

ფესტივალის სტუმრები და მონაწილეები იყვნენ რუსი კინემატოგრაფისტები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკოსები, მხატვრები და ა.შ.

ანა ჯორჯაძის ფილმი „ბოცვრის თათი“ სამი ქვეყნის კოპროდუქციაა – რუსეთის, ბელგიისა და ფინეთის. ფილმში როლებს ასრულებენ პიერ რიშარი, ნიკოლა დუვოშელი, ევგენი ტკაჩუკი.

ფილმში მოქმედება ხდება 1990-იან წლებში, ე.წ. „პერესტროიკის“ პერიოდში. მთავარი პერსონაჟები არიან ფრანგი არქიტექტორი ნიკა და საბჭოთა ინტელიგენტი ალია, რომელთა შეხვედრა მათ ცხოვრებას მთლიანად ცვლის.