როგორი სიტუაციაა აჭარაში: დეტალები COVID-19-ით ინფიცირების შესახებ

აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, რეგიონში სულ 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა შორის კვლავ რჩებიან ორსულები და მოზარდები
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ერთ დღე-ღამეში აჭარაში 4 ათასი ტესტი გაკეთდა, აქედან დადებითი აღმოჩნდა 128, იუწყება „პირველი არხი“ აჭარის საზოგადოებრივ ცენტრზე დაყრდნობით.

გუშინ რეგიონში COVID-19-ის 116 შემთხვევა გამოვლინდა. ამგვარად, გუშინდელთან შედარებით, ერთ დღე-ღამეში აჭარაში 12 შემთხვევით მეტი დაფიქსირდა.

COVID-19 საქართველოში: ახალი შემთხვევების რაოდენობით კვლავ აჭარა ლიდერობს

აჭარაში კორონავირუსი სულ 900-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მათგან კლინიკებში მკურნალობას 519 პირი გადის, კიდევ 377 - კოვიდ-მიმღებ სასტუმროებში.

ინფიცირებულთა შორის კვლავ რჩებიან ორსულები და მოზარდები.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, რეგიონში სულ 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა. აქედან 34 კლინიკებიდან გაეწერა, ორი - კოვიდ-სასტუმროებიდან.

მოსალოდნელია, რომ დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ადამიანი გაეწერება კლინიკებიდან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 502 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1 494 პაციენტი გამოჯანმრთელდა.