მსოფლიო დღეს

ბელარუსში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ, სპეცრაზმი მონაწილეებს აკავებს

მინსკის ცენტრში, სადაც მასობრივი აქციები იმართება, გადაკეტილია ზოგიერთი ქუჩა, დაკეტილია შვიდი მეტროს სადგური, ასევე მთელს ქალაქში მობილური ინტერნეტის სიჩქარე დაკლებულია
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. მინსკში და ბელარუსის სხვა ქალაქებში არასანქციონირებულ საპროტესტო აქციებზე მიმდინარეობს, დაიწყო დაკავებები, განუცხადა РИА Новости-ს შსს-ს პრესმდივანმა ოლგა ჩემოდანოვამ.

„ამ დროისათვის ათზე მეტი ადამიანი დაკავებულია მინსკში, თუმცა მონაცემები იცვლება. მიმდინარეობს დაკავებები ბელარუსის რეგიონებშიც, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რამდენი ადამიანია მთლიანად დაკავებული ქვეყნის მასშტაბით... ყველა დაკავება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი შეკრებების შესახებ კანონმდებლობის დარღვევას“, - განაცხადა მან.

მან ასევე დაადასტურა, რომ ბრესტში მილიცია აფრქვევდა ცრემლსადენ გაზს. მისი თქმით, ეს გაკეთდა „მომიტინგეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად“. ადრე ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ იუწყებოდა ერთ-ერთი ოპოზიციური Telegram-არხი, რომელმაც გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელები მიემართებიან მომიტინგეთა ჯგუფისკენ და მათთან მიახლოებისას ერთ-ერთი ძალოვანი იღებს გაზის ბალონის მსგავს საგანს და მათ სახეში აფრქვევს. ამის შემდეგ კი დაკავებები იწყება.

„ბელარუსები თავად მოაგვარებენ“ - რაზე ისაუბრეს ლუკაშენკომ და პუტინმა სოჭში

მინსკის ცენტრში ოპოზიცია ტრადიციულ პროტესტის მარშს მართავს. ერთ-ერთ მეტროსადგურთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. მოგვიანებით  მათთან ახლოს ჩერდება ძალოვანების მანქანა, საიდანაც გადმოხტნენ სპეცრაზმელები, რომლებმაც ადამიანების დაკავება დაიწყეს.

მინსკის ცენტრში, სტელასთან ახლოს შეიკრიბა რამდენიმე ათასი ადამიანი, იქ ასევე სპეცრაზმი მოქმედებს.

მინსკის ცენტრში, სადაც მასობრივი აქციები იმართება, გადაკეტილია ზოგიერთი ქუჩა, დაკეტილია შვიდი მეტროს სადგური. უფლებამოსილი ორგანოების განკარგულებით მთელს ქალაქში დაკლებულია მობილური ინტერნეტის სიჩქარე.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო დროშის მოედნისა და დამოუკიდებლობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია ჯავშანტექნიკა, შსს-ს სატვირთო მანქანები. შსს აფრთხილებს მოსახლეობას, რომ აღკვეთს უკანონო აქციებს და მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ მათში მონაწილეობისგან.

ვითარება ბელარუსში

9 აგვისტოს ბელარუსში სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 80,1% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა 10,12%-ით.

მოსაზრება: „აბრამსები“ ბელარუსის საზღვართან – რას აპირებენ ამერიკელები?

ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და ქვეყანაში არასანქცირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებსაც ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ. თავად ტიხანოვსკაიამ ბელორუსია დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციებისას დაკავებულია 6,7 ათასზე მეტი კაცი, დაშავდა ასობით ადამიანი. ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა საპროტესტო აქციის მონაწილე სამი პირის დაღუპვის ფაქტი. ამჟამად ბელარუსის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. ასევე მიმდინარეობს ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი დემონსტრაციები.