თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის აკი ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.
მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდის, სეკივაკე დაიეისიო დაამარცხა. გორგაძემ გაუძლო მეტოქის წნეხს, შებოჭა ის და იორიკირის ილეთი ჩაუტარა.
დაიეისიოსთან გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინმა ამჟამინდელ ტურნირზე საკუთარი ბალანსი გაიუმჯობესა. ამჯერად გორგაძის ანგარიშზე სამი მოგება და ოთხი წაგებაა.
აკი ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ოძეკი ტაკაკეისეს შეხვდება. ეს შერკინება მეტოქეთა პირად დაპირისპირებაში რიგით მე-11 იქნება. ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა იაპონელი სუმოისტის მხარესაა – 8:2.
შემოდგომის აკი ბაშო 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.