ირინა ალქსნისი
ერთი მხრივ, ჩამორჩენილ ღრმად არადემოკრატიულ რუსეთს უბრალოდ არ აქვს მსგავსი გარღვევების უფლება რთულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მოწინავე სფეროებში.
მეორე მხრივ, ფსონზე იმდენად ასტრონომიული თანხა დევს, რომ მარტო იმაზე ფიქრიც კი, რომ მან შესაძლოა დასავლურ ფარმაცევტულ კონცერნებს გვერდი აუაროს, იქ მჟავიანობის აწევას იწვევს. თუნდაც ინდოეთისთვის 100 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებები რად ღირს.
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რუსეთი თავისი მეცნიერების მუშაობის დისკრედიტაციის მრავალრიცხოვან მცდელობებს წააწყდა: დიდი პოლიტიკა, დიდი ფული.
მაგრამ ზვიგენების გვერდით ყოველთვის მოიძებნება ადგილი პაწაწინა თევზებისთვის, რომლებიც რეგულარულად იღებენ ნასუფრალს.
სწორედ ასეთი ამბავი დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ უძველეს და გავლენიან სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში „სპუტნიკ-V"-ს გამოცდის შედეგებზე პუბლიკაცია გამოქვეყნდა. სტატიას ელვისებურად მოჰყვა კრიტიკა.
ხმამაღალ ახალ ამბად იქცა მსოფლიო მასმედიით გავრცელებული ღია წერილი, რომელშიც ამერიკის ტემპლის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა ენრიკო ბუჩიმ შიში გამოთქვა „რუსი მეცნიერების მიერ დაშვებული სავარაუდო შეცდომების“ გამო. მას 25-მდე დასავლელმა მეცნიერმა დაუჭირა მხარი.
The Lancet-მა რუს სწავლულებს მათთვის პასუხის გაცემა შესთავაზა, რაც გაკეთდა კიდეც. გამალეის ცენტრმა გამოცემას სრულფორმატიანი კლინიკური პროტოკოლი მიაწოდა რუსული ვაქცინის კვლევაზე. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის პრეზიდენტმა კირილ დმიტრიევმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც გაშლილად უპასუხა კრიტიკოსების ძირითად პრეტენზიებს და იმავდროულად ურჩია მათ, "საკუთარ თვალში მოეძებნათ დირე".
ამ შემთხვევაში პრობლემა მდგომარეობს არა მარტო წმიდა სამეცნიერო მატერიებში, რომლებზე კონცენტრაციაც მოახდინეს რუსმა მკვლევარებმა.
საქმე ისაა, რომ თავად სკანდალური წერილის ავტორია მეტად შესამჩნევი პიროვნება. „ბი-ბი-სის“ მასალაში ენრიკო ბუჩი „ცრუ მეცნიერებასთან ცნობილ მებრძოლადაა“ მოხსენიებული. თუმცა უფრო მართებული იქნებოდა, მის დასახასიათებლად „მეცნიერ-ბიზნესმენი“ გამოყენებულიყო.
2016 წელს ბუჩიმ დააარსა კომპანია Resis Srl, რომელიც სამეცნიერო ნაშრომების ვერიფიკაციაზე, მათი კორექტულობისა და კეთილსინდისიერების შემოწმებაზე სპეციალიზდება.
ეს საკმაოდ მოდური თემაა თანამედროვე მეცნიერებაში. ბოლო წლებში ძალიან ხშირად იჭერენ მკვლევარებს შეცდომებზე, მათ შორის, საკმაოდ უხეშზე. საუბარი მაინცდამაინც თაღლითობაზე ან ბოროტად გამოყენებაზე არ არის, ხშირად ადგილი აქვს უბრალოდ პატიოსან შეცდომას, რაც მხილების შემდეგ მაინც ურტყამს მეცნიერისა თუ მთელი სამეცნიერო ინსტიტუტების რეპუტაციას.
სწორედ ამგვარი პრობლემებისთვის თავის ასარიდებლად ავტორები და კვლევითი სტრუქტურები ხშირად მიმართავენ საკუთარი ტექსტების დამოუკიდებელ აუდიტს მათი პუბლიკაციის წინ. კერძოდ, ბუჩის კომპანია ამგვარი საქმისთვის დაიქირავა გერმანიის ფრიც ლიპმანის ინსტიტუტმა, რომლის გარშემოც ცოტა ხნის წინ ხმამაღალი სკანდალი აგორდა გამოქვეყნებულ მასალებში უგვანო შეცდომებისთვის. ამ ისტორიის შესახებ დაწვრილებით წერდა ერთი წლის წინ ჟურნალი Nature.
2019 წელს იგივე Nature-ში გამოქვეყნდა მასალა, რომელიც ბუჩის თანაავტორობით გამოსული სამეცნიერო ნაშრომის კეთილსინდისიერებას ეხებოდა. იქ პატიოსნად იყო მითითებული, რომ ენრიკო ბუჩის ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა.
მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც კომერციული კომპანიის მფლობელი საჯაროდ გამოდის და საუბრობს საქმიანობაზე, რომელშიც ის სპეციალიზდება, ეს არსებითად მისი ფირმის რეკლამა ხდება. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, როცა საუბარია რუსული ვაქცინის „მხილებაზე“, მაშინ ამგვარი დეტალები სრულიად არ არის მნიშვნელოვანი.
დასავლეთმა ბუჩის ღია წერილი იმისთვის გამოიყენა, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინა რუსული მიღწევისთვის იმ იმედით, რომ ჩაეშალა ან თუნდაც შეესუსტებინა მისი ლიდერობა. ხოლო თავად პროფესორმა ისეთი პიარი მიიღო, რომელზეც ვერც კი იოცნებებდა სხვა შემთხვევაში.
ეჭვი არ არის, რომ ეს მას ახალ და ძალიან მიმზიდველ კომერციულ კონტრაქტებს მოუტანს. მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც მედიცინასთან და არც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასთან მთელ მსოფლიოში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს