თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანიების წარმომადგენლებთან კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დარგის შემდგომი დახმარებისთვის მოქმედებების გეგმა განიხილა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
პანდემია და ეკონომიკა: OECD-მ დათვალა, რამდენს იზარალებს მსოფლიო>>
COVID-19-ის პანდემიის ფონზე ეკონომიკური კრიზისის გამო ბიზნესის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა. საქართველოში ამჟამად ბიზნესის დახმარების რამდენიმე პროგრამა მოქმედებს: სახელმწიფოს, როგორც დაკრედიტების გარანტორის მონაწილეობის პროგრამა, იაფი კრედიტები მცირე ბიზნესისთვის, სახელმწიფოს თანამონაწილეობა ბიზნესის გაფართოებისთვის საშუალებების შეძენაში და სხვ.
„საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ ანტიკრიზისულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც გამიზნულია ბიზნესის სექტორის მხარდაჭერასა და დახმარებაზე. ამ ეტაპზე შეხვედრა შედგა ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანიებთან შეხვედრა სწორედ ნადარეიშვილთან გაიმართა. შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში დარგში არსებული ვითარება და პრობლემები განიხილეს.
„ვისაუბრეთ იმ პრობლემატიკაზე, კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ამ ინდუსტრიას განსაკუთრებით აწუხებს – ეს არის როგორც ფინანსური, ასევე რეგულაციური საკითხები. შევთანხმდით გარკვეულ სამოქმედო გეგმაზე იმისათვის, რომ ეს პროცესი გადავიყვანოთ სამუშაო გარემოში და, საბოლოოდ, შევჯერდეთ იმ ფორმაზე, იმ პროგრამის დიზაინზე, რითიც შეიძლება სახელმწიფო დამატებით ამ ინდუსტრიას, ამ ბიზნესს მხარში დაუდგეს „კოვიდის“ პერიოდში“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროში ესწრებოდა 20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი, ასევე ბიზნეს-ომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.
ბიზნესი პრიორიტეტშია
„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში მეწარმეთა დახმარების მიზნით გადაწყდა პროგრამის გაფართოება.
საუბარია კრედიტების სუბსიდირებაზე, რომლებიც 200-ზე მეტი სახის საქმიანობას მოიცავს, და მიკროგრანტებზე, რომლებიც 300-ზე მეტი სახის საქმიანობას ეხება.
პროგრამაში მონაწილეობისთვის დაწესებული საკრედიტო ლიმიტი შემცირდა 50 ათას ლარამდე, მაქსიმალური მოცულობა კი გაიზარდა 10 მილიონ ლარამდე.
ადგილობრივი, არასაერთაშორისო ბრენდების შემთხვევაში კრედიტის მაქსიმალური მოცულობა 4 მლნ ლარს შეადგენს, საერთაშორისო ბრენდებისა და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების შემთხვევაში – 10 მლნ ლარს.
სახელმწიფოს მონაწილეობის დრო 24-დან 36 თვემდე გაიზარდა. მოიმატა ასევე სახელმწიფოს თანამონაწილეობის პროცენტმა. მაგალითად, 13%-იანი ვალის შემთხვევაში 1,5%-ს სახელმწიფო გაისტუმრებს, რაც კომპანიას გამოუთავისუფლებს სახსრებს ბიზნესის წარმოებისთვის.