თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებული პირი კლინიკაშია მოთავსებული და ასევე მოძიებულია მისი ყველა კონტაქტი.
საკანონმდებლო ორგანოს ყველა ის თანამშრომელი, რომელთანაც ინფიცირებულს შეხება ჰქონდა, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის ფაქტი საკანონმდებლო ორგანოსთვის პირველი შემთხვევა არაა.
მანამდე კორონავირუსი დაუდგინდათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებს ლევან გოგიჩაიშვილსა და გედევან ფოფხაძეს, რომლებიც მკურნალობის კურსს თბილისის კლინიკებში გადიან.
ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელსაც, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მისი ოჯახის წევრები 12-დღიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მათი ტესტების პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3119 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1435 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.