პენიტენციური სამსახური: რამდენი პატიმარი შიმშილობს გლდანის ციხეში

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, არ გაავრცელონ მსგავსი ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, მითუმეტეს ისეთი, რომელმაც შესაძლოა პატიმართა ოჯახების შეშფოთება ან პენიტენციური დაწესებულების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი შიმშილობს. უწყება აცხადებს, რომ ეს სიცრუეა.

პატიმართა დედები შვილებისთვის ამნისტიას მოითხოვენ

პარლამენტის შენობასთან უკვე მე-10 დღეა მიმდინარეობს საპროტესტო აქცია - პატიმრების დედები საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით შიმშილობენ.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით,  რომელიც პარლამენტთან მოშიმშილე დედების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, აქციის მონაწილეებს სოლიდარობა პატიმრებმაც გამოუცხადეს.

ამასთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N8 პენიტენციურ (გლდანის) დაწესებულებაში 30-მდე პატიმარი ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან გამართულ აქციას უერთდება და ამ მოთხოვნით შიმშილობს. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და აქციის ორგანიზატორთა მხრიდან სავარაუდოდ, აქციაზე მეტი ადამიანის მოსაზიდად გამიზნული ქმედება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფიქსირდება თუ არა COVID-19 პენიტენციურ დაწესებულებებში

სამსახურის ინფორმაციით, სინამდვილეში, დღეის მდგომარეობით, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ხუთი მსჯავრდებული და ერთი ბრალდებული  შიმშილობს. მსჯავრდებულებიდან ორმა მათგანმა შიმშილობა 14 სექტემბერს, ორმა - 15 სექტემბერს, ერთმა - 16 სექტემბერს გამოაცხადა.  

ხუთივე მსჯავრდებულის მიერ შიმშილობის გამოცხადების მიზეზი არის მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან. ხოლო ბრალდებულის მიერ 16 სექტემბერს შიმშილობის დაწყების მიზეზი არის სასამართლო პროცესის დროულად ჩანიშვნის სურვილი და  ბრალდებულის თქმით, მისი დაკავების უკანონობა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, არ გაავრცელონ მსგავსი ყალბი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, მითუმეტეს ისეთი, რომელმაც შესაძლოა პატიმართა ოჯახების შეშფოთება ან პენიტენციური დაწესებულების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნები განახლდება 

2020 წლის მაისის ბოლოს არსებული მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 341 ქალი და დაახლოებით 9 ათასი მამაკაცია.

პატიმართა უმრავლესობის ასაკი 26-დან 49 წლამდეა. საპატიმროებში ორი არასრულწლოვანი გოგონა და 45 ყმაწვილია. დანარჩენები 18 წელს ზემოთ ასაკისა არიან.

პატიმართა ნახევარზე მეტი სასჯელს ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებებში იხდის. მათთვის ნებადართულია კამერის დატოვება, მუშაობა, ეზოში გასვლა. კიდევ დაახლოებით 1,7 ათასი ვადას დახურული ტიპის დაწესებულებებში იხდის. 176 პატიმარი კი მაღალი რისკის დაწესებულებაშია, სადაც მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.