თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა გორში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს ქალი გადაარჩინეს, ნათქვამია სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა, სადაც მწოლიარე ქალი იმყოფებოდა.
„სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ძლიერი დაკვამლიანებიდან ქალის უვნებლად გამოყვანა შეძლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ქალს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
მეხანძრე-მაშველებმა კორპუსის მაცხოვრებლების ევაკუაციისას შენობიდან ორი მამაკაცის გამოყვანაც შეძლეს.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, ქრობის პროცესში ჩართულია სამი ეკიპაჟი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.