რუს მაყურებელს ახსოვს და ელის შოუს Ты супер! მონაწილეს საქართველოდან

პეტრე ლიდოვმა ისაუბრა, რატომ ვერ შეძლო თეკლა ეკალაძემ მონაწილეობის მიღება პროექტის Ты супер! მორიგ სეზონში
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. რუსეთში არ დავიწყებიათ და კვლავ ელიან პროექტის Ты супер! მესამე სეზონის მონაწილე თეკლა ეკალაძეს საქართველოდან. პროექტის რედაქციაში მიდის მაყურებლის წერილები, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ ცხოვრობს გოგონა და მიიღებს თუ არა მონაწილეობას ახალ სეზონში.

„მინდა გავხდე ცნობილი“ – თბილისელი მარიამ ბონდარენკო Ты супер!-ში იღებს მონაწილეობას

რიგით მეოთხე სეზონი საერთაშორისო ვოკალური პროექტისა Ты супер!, რომელიც მიზნად ისახავს უდედმამოდ დარჩენილი ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლების მხარდაჭერას და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას, НТВ-ზე კვირას, 20 სექტემბერს დაიწყება. პროგრამის წამყვანმა ვადიმ ტაკმენევმა კოლეგა ანასტასია პაკთან ერთად არხის პირდაპირი ეთერით ტელემაყურებელს პროექტის ახალი მონაწილეები წარუდგინა და იმაზეც ისაუბრა, რა ბედი ეწიათ ძველ მონაწილეებს პროექტის შემდეგ.

მაყურებლის კითხვას, როგორ ცხოვრობს თეკლა ეკალაძე და მიიღებს თუ არა მონაწილეობას ახალგაზრდა ქართველი შემსრულებელი პროექტის წლევანდელ სეზონში, საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს კომუნიკაციების დირექტორმა პეტრე ლიდოვმა უპასუხა.

„თეკლა კარგადაა. ისე კი, გოგონას საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. მამა სამი წლისამ დაკარგა, დედა ტრაგიკულად დაეღუპა, როდესაც შვიდი წლისა იყო. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. ახლა მას ყველაფერი კარგად აქვს, სხვათა შორის, ჩამოსვლას აპირებდა, მაგრამ ბებია შეუძლოდ გრძნობს თავს და მასთან დარჩა. თეკლა სწავლობს, ვოკალში ემზადება, გამოდის კონკურსებზე, ვითარდება, ყველაფერი კარგადაა“, - აღნიშნა ლიდოვმა პრესკონფერენციაზე, რომლის ტრანსლაციაც Sputnik-საქართველოს ვებგვერდზე მიმდინარეობდა.

Ты супер! ეძებს ტალანტებს – დაიწყო საბავშვო მუსიკალური კონკურსის IV სეზონის კასტინგი >>

შარშან საქართველო კონკურსზე წარადგინა ცხრა წლის თეკლა ეკალაძემ, რომელიც საერთაშორისო ვოკალური შოუს Ты супер!  ნახევარფინალში სიმღერით „სულიკო“ წარსდგა, თუმცა ფინალში ვერ მოხვდა. მანამ თეკლამ შეასრულა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ“, რომლითაც არაერთი მაყურებლის გული მოიგო. 

წელს საქართველოს პროექტში წარადგენს 15 წლის მარიამ ბონდარენკო თბილისიდან.

საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტარდება ტელეკომპანია НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის მიერ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.