ბავშვების დაბრუნება სკოლებში შეიძლება, თუ წესებს დავიცავთ – იმნაძე

ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გამწვავების გამო სასწავლო პროცესის სკოლების სივრცეში დაწყება ყველა სკოლამ ვერ შეძლო – დიდ ქალაქებში ბავშვები ჯერჯერობით დისტანციურ სწავლას შეუდგნენ.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ყველამ უნდა დაიცვას წესები, ატაროს პირბადე, დაიცვას სოციალური დისტანცია, რათა ბავშვებმა სკოლაში სიარული შეძლონ, განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

COVID-19 საქართველოში: მორიგი ანტირეკორდი – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რვა ქალაქის – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. დანარჩენ დასახლებებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოს რამდენ სკოლაში დაირეკა დღეს ზარი

„თუ ასე მოვიქცევით, მაშინ ჩვენი ბავშვები სკოლაში ივლიან. ჩვენ არ უნდა შევუქმნათ რისკი სწავლის დაწყებას. დაუსწრებელი სწავლება დაწყებულია, მაგრამ გვინდა დავიწყოთ, ასე ვთქვათ, დასწრებული სწავლება. ყველგან თითო მაკონტროლებელს ვერავინ დააყენებს. ამიტომ ახლა ჩვენზეა ყველაფერი, ჩვენ როგორ მოვიქცევით“, – განაცხადა იმნაძემ.

მან აღნიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით რაიმე დასკვნების გამოტანა ძალზე რთულია, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი გახსნილია და მობილობა არც ერთ რეგიონში შეზღუდული არ არის.

იმნაძის თქმით, ასევე ვაქცინაციასთან დაკავშირებით ადამიანებს მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ექცევიან კონსპირაციული თეორიების გავლენის ქვეშ.

ჯანმო არ დაამტკიცებს COVID-19-ის არც ერთ ვაქცინას, თუ... კრიტერიუმები განსაზღვრულია>>

ამ დროისათვის კორონავირუსი საქართველოში დაუდასტურდა 2 758 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 1 412, გარდაიცვალა 19 ადამიანი. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.