ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი მოხსენება მიიღო

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მოხსენებაში ძირითადი აქცენტები გაკეთებულია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაგრძელებაზე და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროპარლამენტმა ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ქება თუ კრიტიკა? საქართველოში ევროპარლამენტარების მოხსენება სხვადასხვაგვარად აღიქვეს >>

2020 წლის მოხსენებას მხარი დაუჭირა 552-მა პარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 61, თავი შეიკავა - 78-მა, ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე.

საგარეო საქმეთა კომიტეტი მას შემდეგ ყოველწლიურად უგზავნის ევროპარლამენტს ანგარიშს საქართველოს თაობაზე, რაც ქვეყანამ 2014 წელს ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ევროპარლამენტში წარდგენილი მორიგი მოხსენება მოამზადა მომხსენებელმა საქართველოზე, სოციალ-დემოკრატმა ესტონეთიდან სვენ მიქსერმა.

მოხსენებაში დადებითად არის შეფასებული საქართველოს პროგრესი საკანონმდებლო სფეროში რეფორმების კუთხით, საკონსტიტუციო რეფორმის ჩათვლით. ამასთან ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას განამტკიცოს კანონის უზენაესობა და გააგრძელოს მართლმსაჯულების სისტემის და სახელმწიფო მმართველობის რეფორმები, ბრძოლა კორუფციასთან, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხორციელება და შრომითი უფლებების უზრუნველყოფა.

არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტის მისიის დასკვნა ყველა კითხვას პასუხს გასცემს

განსაკუთრებულად კრიტიკული შენიშვნები მოხსენებაში ეხებოდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას. საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული სიტუაცია დახასიათებულია როგორც „საგანგაშო“ მოსამართლეთა შერჩევის არასრულყოფილი პროცესისა და ოპოზიციის წინააღმდეგ აღძრული რამდენიმე საქმის გამო, რაც მართლმსაჯულების სისტემის მიუკერძოებლობას ეჭვს ქვეშ აყენებს.

დოკუმენტში ყურადღება დაეთმო ასევე მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამ არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული კურსის დადასტურებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს კანონმდებლობა წინასაარჩევნო კამპანიაში ისეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, კამპანიის დაფინანსების არასათანადო მეთოდები, დაუსჯელობა ძალადობის, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიისთვის, ასევე ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის.

ასევე მითითებულია, რომ საჭიროა არსებობდეს მკაფიო დებულებები, რომლებიც მედიაში უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საკითხებს დაარეგულირებდა.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ გამოხატულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ხაზგასმულია ქვეყნაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა.