აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები კლინიკებში გადანაწილებას ელოდებიან

ტიკარაძემ მედიკოსებს მობილიზებისკენ მოუწოდა, რათა პაციენტების კლინიკებში გადაყვანა შეუფერხებლად მოხდეს
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. აჭარაში კორონავირუსით დაავადებული პაციენტები იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში, რათა მათი ე.წ. ტრიაჟი მოხდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი დღეს ბათუმში მედიკოსებს შეხვდა და მიმართა თხოვნით, მეტი მობილიზება მოახდინონ იმისათვის, რომ პაციენტების კლინიკებში დროული გადაყვანა მოხდეწს.

„ის, რაც კრიტიკულია დღეს აჭარაში არის შემდეგი: გვყავს პაციენტები, რომლებიც დადასტურებული კოვიდინფექციით იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში, რომ მოხდეს მათი ე.წ. ტრიაჟი და შესაბამისი დიაგნოსტირების შემდეგ სტაციონარსა და სასტუმროებში გადანაწილება. მაქვს თხოვნა, გამოვაცხადოთ მეტი მობილიზაცია იმისთვის, რომ საგანგებო გადაუდებელი დახმარების ცენტრს მიეცეს საშუალება, მყისიერ რეჟიმში მოახდინოს ამ პაციენტების თქვენს საავადმყოფოებში შემოყვანა“, – განაცხადა პირველი არხის ეთერში ეკატერინე ტიკარაძემ.

სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის დღევანდელი 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმს უკავშირდება. ინფიცირებულებს შორის 15 არასრულწლოვანია, არიან ორსულებიც, ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა რამდენიმე მედიკოსს.

რეგიონი ყველაზე ცხელ წერტილად მიიჩნევა, რადგან დაწყებულია ვირუსის შიდა გადაცემა და ის უკვე საზოგადოების ყველა ფენას შეეხო. 

გასულ დღე-ღამეში აჭარაში სულ 4 ათასამდე პირი გამოიკვლიეს. ამჟამად რეგიონში ექვს კლინიკაში 321 პაციენტი მკურნალობს, 158 კი საკარანტინო სივრცეში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

აჭარაში ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს კორონავირუსი დაუდასტურდა >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 2758-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კი 31 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1412 ადამიანი. გარდაიცვალა 19 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.