„დაავალე მიშას“ - სააკაშვილისთვის მოსახლეობის გზავნილების შეგროვებას იწყებენ

არჩევნები ჯერ მოგებული არ არის, მთავრობა არ შექმნილა, „ნაცმოძრაობა“ კი მომავალი პრემიერისთვის დავალებებისა და გზავნილების შეგროვებას იწყებს
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ახალ წინასაარჩევნო კამპანიას სახელწოდებით „დაავალე მიშას“, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

ახალი საარჩევნო ბლოკი ძველი სახელწოდებით – ვინ შემოიკრიბა „ნაცმოძრაობამ" >>

მისი თქმით, ყველა დავალება, რომელსაც პარტიის მაჟორიტარები მოსახლეობისგან მიიღებენ, „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას „დაავალე მიშას“, რაც გულისხმობს შემდეგს – ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან. ამიტომ, ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელს, რაიონს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ იმ დავალებებს, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნის გარეშე: დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

პარტიის სახელით მან პირობა დადო, რომ ყველა ეს გზავნილი შესრულდება, როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვა.

„ყველა დავალება გადაეცემა ჩვენი პრემიერობის კანდიდატს და შემდგომ მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობაში დაგროვდა. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქართველო ძლიერი ოჯახებით. ველით დავალებებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს. თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

სააკაშვილი საქართველოში შვიდი წელია არ ყოფილა. აქ ის ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააკავებენ და დააპატიმრებენ.

ზუგდიდში „ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, სავარაუდოდ, გიული ალასანია იქნება 

ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობს, არის ამ ქვეყნის მოქალაქე და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია.

ექს-პრეზიდენტის გარდა, „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკაში მისი დედის ჩართვას გეგმავს. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიდი ალბათობით, გიული ალასანია იქნება, თუმცა ოფიციალური წარდგენა ჯერ არ ყოფილა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.