თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. გურიაში ოთხ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.
კორონავირუსის ოთხი შემთხვევიდან ორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში დაფიქსირდა. ინფიცირებულები პედაგოგები არიან. ისინი შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს.
„ინფიცირებულები იმ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან, რამდენიმე დღის წინ ბათუმში რომ გაიმართა. ახლა ვიწყებთ კონტაქტების მოძიებას. ყველა მათგანს ჩაუტარდება PCR კვლევა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.
დღეს კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა ჩოხატაურშიც. ინფიცირებულები აქაც პედაგოგები არიან.
„ეპიდემიოლოგები კონტაქტების დადგენას იწყებენ. ყველა მათგანს ჩაუტარდება PCR კვლევა. ახლა პაციენტები შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაჰყავთ“, - განაცხადა მჟავიამ.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დასაქმებულ მამაკაცს დაუდასტურდა.
გურიის რეგიონში, რომელიც ამ დრომდე „მწვანე ზონად" ითვლებოდა, კორონავირუსის უკვე 13 შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი შემთხვევა 4 სექტემბერს დაფიქსირდა – ინფექცია ჩოხატაურში ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა.
„მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად“ - ამირან გამყრელიძის ანალიზი >>
დღეს საქართველოში კორონავირუსის 152 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.