თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის 80 შემთხვევიდან ინფიცირების წყარო 22 შემთხვევაში უცნობია, ამის შესახებ განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 80 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და რამდენიმე ნიმუში კვლევის ფაზაშია. 20-ზე მეტი შემთხვევა რიტუალურ პროცესებთან არის დაკავშირებული ანუ საქორწილო დარბაზებში ყოფნის ფაქტს უკავშირდება. დაახლოებით 22 კი უცნობია, 7- სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული შემთხვევაა, 3 ხოფას ბაზრობის კლასტერს მიეკუთვნება“, - განაცხადა შავიშვილმა.
ამასთან დღეს ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთია ავტონომიის მთავრობის აპარატის თანამშრომელი.
„მასთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან, თვითონ ჰოსპიტალიზაციაშია“, - აღნიშნა შავიშვილმა.
ასევე მან განმარტა, რომ, მისი მონაცემებით, რეგიონში ინფიცირების ახალი კერები არ დაფიქსირებულა.
კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა >>
დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რიცხვი გამოვლინდა - 158. ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.