საქართველოში ლაბორატორიების რაოდენობა გაიზარდა: ქვეყანა შემოდგომა–ზამთრისთვის ემზადება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების მხრიდან დიდი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის, როდესაც ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი, ლაბორატორიების რაოდენობა გაიზარდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

გახარია: საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შემოდგომიდან მოსალოდნელი იყო და ეს დაკავშირებულია როგორც ზაფხულის სეზონთან, ისე შეზღუდვების მოხსნასთან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო – შესაძლებლობა მიგვეცა ეკონომიკისთვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დიდი მუშაობა გავწიეთ როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ისე პირველადი ჯანდაცვის დონეზე. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გაიზარდა ლაბორატორიების შესაძლებლობები, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად, როცა ჩვენ კიდევ ერთხელ ველოდებით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების მხრიდან დიდი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ „112“-ის სამსახურში, რომელიც მუშაობს როგორც სასწრაფო სამედიცინი დახმარების ბრიგადებთან, ისე 25-ზე მეტ პირველადი ჯანდაცვის ობიექტთან.

„აქ ჩართულია პირველადი ჯანდაცვის ექიმები და გარკვეული ფილტრის დახმარებით პაციენტებზე დაკვირვება მიმდინარეობს. ამ დაკვირვების შედეგებით პაციენტები გადაყვანილი იქნებიან სპეციალიზებულ კლინიკებში, სადაც მოხდება მათი დიაგნოსტირება. ამის შემდეგ ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დაადგენს, რომელი სტატუსი მიენიჭოს პაციენტს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქვეყანაში პანდემიის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1917-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1354 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.