„თეატრები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე რესტორნები!“ – ქართველი რეჟისორების პროტესტი

დაკეტილი თეატრები, გამოსვლების აკრძალვა, ბანკის კრედიტები – კულტურის სექტორის მოღვაწეები დიდ პრობლემებს წააწყდნენ.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. ქართველი თეატრალური რეჟისორი დათა თავაძე, რომელიც უკმაყოფილოა ქვეყანაში თეატრების გახსნის თარიღის გადადებით, კულტურის სამინისტროსგან კულტურული დაწესებულებების მუშაობის ადრე დადგენილ ვადებში აღდგენას ითხოვს.

საქართველოს მთავრობამ აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ თეატრები მუშაობის დაწყებას 1 ოქტომბრიდან შეძლებდნენ, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით თეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო.

შეზღუდვები ბრუნდება: თეატრების, კინოთეატრების, ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა გადაიდო

ამ ფაქტმა ახალგაზრდა რეჟისორის აღშფოთება გამოიწვია. მან ამ თემას თავის Facebook-გვერდზე მრისხანე პოსტი მიუძღვნა. თავაძის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჯიუტად დუმს, მხარს არ უჭერს დამოუკიდებელ არტისტებს და მათთან დიალოგზეც არ მიდის იმ დროს, როდესაც ისინი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ქვეყანაში კულტურის სფერო არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენეს ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და კაზინოების გვერდით, მაგრამ ამაში პრობლემას არავინ ხედავს.

„სასწრაფოდ გვიპასუხეთ ყველა კითხვაზე, სასწრაფოდ შექმენით დამოუკიდებელი ხელოვანებისთვის მხარდაჭერის გეგმა, დაუყოვნებლივ მოიფიქრეთ, როგორ ამოუდგებით მხარში იმ მენეჯერებს, რომლებსაც საბანკო სესხები აქვთ აღებული პროექტების გასახორციელებლად თქვენი დაპირებების გამო, უკვე პროცენტები ემატება მათ სესხებს (აქამდე თუ რაღაც შეღავათით სარგებლობდნენ, ეგეც დამთავრდა). წლების საქმე გადაეყარათ წყალში“, – წერს დათა თავაძე.

რეჟისორის აზრით, ინფექციის გავრცელების კუთხით კულტურული დაწესებულებები ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე რესტორნები და სავაჭრო ცენტრები.

ბისზე შვიდჯერ: დათა თავაძის სპექტაკლმა ბერლინში ფურორი მოახდინა>>

თავაძე აღნიშნავს, რომ ახალ წესებთან ადაპტირებულმა კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორებმა უკვე არაერთი ფესტივალი, კინოჩვენება, გამოფენა მოაწყვეს ღია სივრცეებში და არც ერთი შეცდომა არ დაუშვიათ შეზღუდვების დაცვის თვალსაზრისით.

10 სექტემბრიდან იუბილეების, ქორწილებისა და ქელეხების გამართვა იკრძალება

და მაინც კულტურა პირველ რიგში ისჯება, აღნიშნავს თავაძე.

თავის წერილში რეჟისორი ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები იძულებული არიან, ოპერატიულად ეძებონ ფინანსური საშუალებები და ალტერნატიული გზები, რათა შეძლონ თავის გადარჩენა და მუშაობის გაგრძელება.

დათა თავაძე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ნიჭიერი თეატრალური რეჟისორია. პირველი სპექტაკლი მან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტობის დროს გამოსაშვებ კურსზე დადგა, როდესაც 19 წლის იყო. თავაძე დღეს სპექტაკლებს დგამს გერმანიის თეატრების სცენებზე, ხოლო მისი დადგმები თბილისის სამეფო უბნის თეატრში არაერთხელ გახდა საერთაშორისო ფესტივალების პრიზიორი.