ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფოდ 3 ათასი საწოლის მობილიზება დაევალა

ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერების გარდა ქვეყანაში ასევე გაიზრდება PCR–ტესტირებების რაოდენობა – დღეში 10 ათასამდე ტესტი ჩატარდება.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს უახლოეს დღეებში 3 ათასი საწოლის სასწრაფოდ მობილიზება დაევალა, რათა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, პაციენტების მკურნალობა სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ეზუგბაია: საქართველო „მწვანე ზონიდან" გავიდა>>

პრემიერის თქმით, ამჟამად საქართველოში დღეში რვა ათასზე მეტი PCR–ტესტი კეთდება და ეს რიცხვი უახლოეს დღეებში 10 ათასამდე გაიზრდება.

დიდ ქალაქებში სკოლაში მისვლა ორი კვირით გადაიდო

„ჰოსპიტალურ სისტემაში ყველა პრევენციის მექანიზმი, „112“, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდგომ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი, ეს სისტემა უკვე მუშაობს საათივით და აქ უკვე არანაირი შეფერხება არ იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 ათასი საწოლი იმისთვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ბოლო დღეებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1917 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1354, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.