ეპიდემიოლოგი მოსახლეობას სიმშვიდისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს

თენგიზ ცერცვაძის აზრითნ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუნდაც იმიტომ, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა უფრო დაბალია, ვიდრე „ღორის გრიპით“
Sputnik

 

თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას სიმშვიდისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

გახარია: საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება

მან ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ მატებაზე ისაუბრა. საქართველოში დღეს ინფიცირების 87  შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ცერცვაძემ განაცხადა, კორონავირუსის ზრდის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება, მათ შორის, საქართველოშიც. თუმცა, ევროპასა და აშშ-თან შედარებით, საქართველოში ერთ მილიონ ადამიანზე ვირუსის გავრცელების კვლავაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 „კორონავირუსის პირობებში ძალიან ძნელია რაღაც გარანტიების გაცემა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შევეცდებით, შევინარჩუნოთ გამოჯანმრთელების ძალიან მაღალი პროცენტი და სიკვდილიანობის მცირე რიცხვი. ასე რომ, მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უგულებელყოს მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციები და არ დაიცვას საჭირო უსაფრთხოების ზომები. ზედმეტად  ზედმეტად გავთამამდეთ. ზედმეტად მოდუნება არ შეიძლება, სწორედ ამ გათამამებამ მიგვიყვანა ინფიცირების შემთხვევების გარკვეულ ზრდამდე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოში ნაკლებია, ვიდრე ეს 2009-2010 წლებში, „ღორის გრიპის“ პანდემიის დროს იყო.

„სულ ხუთი გარდაცვლილი ყოველ მილიონ მოსახლზე. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე 2009–2010 წლებში, ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის დროს გვქონდა. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ის არის დაცული, მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემა და რომ ეს სისტემა გამართულად მუშაობს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 87-ით გაიზარდა. ეს პანდემიის დაწყებიდან საქართველოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1917-ია. მათგან გამოჯანმრთელდა 1354, გარდაიცვალა 19 ადამიანი.