თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ბიზნესის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტი აქცია გამართეს, იუწყება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი.
გასართობი ცენტრების, სადღესასწაულო ღონისძიებების მენეჯერები და ქორწილების სააგენტოები კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვებისა და აკრძალვების წინააღმდეგ გამოდიან.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას, ბიზნეს–ომბუდსმენს და ჯანდაცვის სამინისტროს მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების თხოვნით მიმართეს. მათი ნაწილის განცხადებით, მსგავსი აკრძალვების პირობებში ისინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და საარსებო მინიმუმის გარეშე რჩებიან.
ეპიდვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვები შემოიღო. 10 სექტემბრიდან აიკრძალა იუბილეების, ქორწილების, დღესასწაულებისა და სხვა რიტუალური ღონისძიებების გამართვა.
საზოგადოებრივი ღონისძიებების გამართვა იკრძალება როგორც შენობაში, ისე ქუჩაში.
ასევე იკრძალება იმ კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც 200–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
დადგენილი წესების აღსრულება შესაბამის სანქციებს ითვალისწინებს და საზოგადოებამ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, აცხადებენ მთავრობაში.
ასევე რეკომენდებული არ არის სკოლებში საზეიმო ღონისძიებების ჩატარება, მოქალაქეებს კი ევალებათ სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.