უცხოელმა სტუდენტებმა კარანტინის ხარჯები თავად უნდა აანაზღაურონ

2018–2019 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებში 12,2 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. უცხოელმა სტუდენტებმა, რომლებიც საქართველოში სწავლობენ და ქვეყანაში შემოსვლაზე თანხმობა აქვთ, კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებული და PCR–ტესტირების ხარჯები თავად უნდა აანაზღაურონ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

დადგენილებაში უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურებია განსაზღვრული.

იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, სტუდენტები ვალდებული არიან დარეგისტრირდნენ საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე StopCov.ge და შეავსონ სპეციალური აპლიკაციის ფორმა – „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმა“. 

მოუწევთ თუ არა სტუდენტებს პირბადეების ტარება: თამარ გაბუნია განმარტავს

ამის შემდეგ ისინი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან უარს მიიღებენ.

ის სტუდენტები, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლაზე ნებართვას მიიღებენ, ვალდებული არიან სავალდებული კარანტინი გაიარონ. კარანტინთან და PCR–ტესტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მათ თავად უნდა აანაზღაურონ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან უზრუნველყონ სტუდენტების საკარანტინო სივრცეებში განთავსება, კარანტინის პერიოდში გააკონტროლონ ისინი და კოორდინაცია გაუწიონ მათზე სამედიცინო მეთვალყურეობას.

2018–2019 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 12,2 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.