საქართველოს რაგბის ნაკრები რვა ერის თასზე იასპარეზებს

ხანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ნოემბრის მეორე ნახევარში საქართველოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასში 2020“
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს რვა ერის თასის ექსპერიმენტულ ტურნირში, რომელსაც უკვე მიენიჭა ოფიციალური სახელწოდება - „შემოდგომის ერთა თასი 2020“. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდზეა აღნიშნული.

„ყოველთვის მორაგბედ დავრჩები" – რეკორდსმენმა ქართველმა მორაგბემ კარიერა დაასრულა

„სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ტურნირის შესახებ ექვსი ერის თასის გენერალურმა დირექტორმა ბენ მორელმაც ისაუბრა:

„მოხარულები ვართ განვაცხადოთ ახალი ტურნირის - „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის ჩატარების შესახებ. ახალი ფორმატის დასანერგად მნიშვნელოვანი დრო და ძალისხმევა დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიამ შეუძლებელი გახადა ტრადიციული სატესტო მატჩები, სრულად მზად ვართ წარმოგიდგინოთ უნიკალური და დამაჯერებელი შეჯიბრება, რომელიც ქომაგებს მსოფლიო დონის რაგბით უზრუნველყოფს. მოუთმენლად ველით ტურნირის დაწყებას, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა საქართველოს და ფიჯის შემოერთება“, - ნათქვამია მორელის განცხადებაში.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ორ ჯგუფად დაყოფილი რვა ნაკრები:

  • "А" ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, საქართველო
  • "В" ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი

ნახევარფინალში გადიან გუნდები, რომლებმაც თავის ჯგუფში პირველი ორი ადგილი დაიკავეს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

  • 14 ნოემბერი ინგლისი – საქართველო
  • 21 ნოემბერი უელსი – საქართველო
  • 29 ნოემბერი ირლანდია – საქართველო.

„შემოდგომის ერთა თასი 2020“ 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე ინგლისის, ირლანდიის და შოტლანდიის სტადიონებზე გაიმართება.