სააკაშვილი რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლას არ გეგმავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებით, მის გეგმებში, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის არა საგარეო, არამედ საშინაო პრობლემების მოგვარებაა.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ბოლო დღეებში სამშობლოში დაბრუნებისა და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების სურვილის შესახებ განცხადება გააკეთა, აღნიშნა, რომ რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლას არ გეგმავს.

„ახლა მთავარია ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა და არა ვინმესთან კონფრონტაციაში შესვლა... ჩვენი ამოცანა არა რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა, არამედ შიდა პრობლემების სწორად გადაწყვეტაა“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია Formula-ს ეთერში.

უფრო ადრე სააკაშვილი მიესალმა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მას მოიაზრებს და განაცხადა, რომ მზადაა აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს, თუმცა მაქსიმუმ ორი წლით. მისი სიტყვებით, ეს ვადა საკმარისია „საქართველოს ჭაობიდან ამოსაყვანად“. 

ყველაფერი ახლებურად: სააკაშვილმა საქართველოსთვის გეგმა გამოაქვეყნა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, მაგრამ ახლა საკმარისი გამოცდილება შეიძინა, რათა ღირსეულად „ემსახუროს თავის ქვეყანას“. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააკაშვილის განცხადება მორიგ ტყუილად შეაფასეს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირობა დადო, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.

სააკაშვილი საქართველოში შვიდი წელია არ ყოფილა. აქ ის ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააკავებენ, თუ ამ დროისთვის მას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს.

ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობს, არის ამ ქვეყნის მოქალაქე და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია.