ქუთაისის ცენტრში განთავსებულ კარავში მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდებათ

დღეს ქუთაისის 32-ე სკოლის ერთბაშად 21 პედაგოგს, ასევე  სარესტორნო ქსელ „ვენდისის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. ქუთაისის ცენტრში კარავი განთავსდა, სადაც ყველა მსურველი კორონავირუსზე ტესტირებას უფასოდ ჩაიტარებს, განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

დღეს ქუთაისის 32-ე სკოლის ერთბაშად 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლაში ვირუსი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთ-ერთი პედაგოგი თბილისში გამართულ ქორწილში იმყოფებოდა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი ჰქონდა.

ასევე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ქუთაისში სარესტორნო ქსელ „ვენდისის“ თანამშრომელს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ობიექტი დაკეტილია, თანამშრომლებს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ვარაუდობენ, რომ „ვენდისში“ კორონავირუსი ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომლებისგან გავრცელდა.
პაატა იმნაძე: რაც მეტი დაავადდება, მით მეტი დაიღუპება

„უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ცენტრში დაიდგას კარავი, რომელშიც ყველა მსურველი გაიტესტება, ვისაც შეიძლება კონტაქტი ჰქონდეს რისკის ჯგუფთან“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ის მიმართულებები განისაზღვრა, რომლითაც სხვადასხვა უწყებები და სტრუქტურები იმუშავებენ.

ზვიად შალამბერიძემ რეგიონში სამსახურების ხელმძღვანელებთან და უწყების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელეს.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი – 57 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

COVID-19 საქართველოში: ქვეყანა მწვანე ზონიდან ყვითლისკენ ინაცვლებს

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.