თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სახიდან ნაადრევი ნაოჭების მოცილება ბოტოქსის გარეშე სრულიად შესაძლებელია, ამისთვის სხვა მეთოდი არსებობს, განუცხადა რადიო Sputnik-ს ექიმმა კოსმეტოლოგმა ასტრიდ ოვეიანმა.
თუმცა, მისი თქმით, ამ მეთოდის გამოყენებისას მთელი რიგი პირობები არსებობს.
ექიმის განმარტებით, ნაადრევი ნაოჭების გაჩენის თავიდან ასაცილებლად კოსმეტოლოგიაში ბოლო პერიოდში ხშირად გამოიყენება ტეიპები — სპეციალური ელასტიკური პლასტირები, რომლებსაც სახეზე აკრობენ. ამ მეთოდს თავისი პლუსები აქვს — ხელმისაწვდომია და არ ახლავს ის რისკები, რომლებიც უფრო რადიკალურ მეთოდებს — პლასტიკურ ქირურგიასა და ბოტოქსის ინექციებს ახასიათებს.
„ზოგ შემთხვევაში ტეიპებს ნამდვილად შეუძლია ადრეული ნაოჭების ფორმირების თავიდან აცილება“, — დაადასტურა კოსმეტოლოგმა საუბრისას.
როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდული კანი: ეფექტური პროდუქტების ტოპ-7>>
მისი განმარტებით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის დაიწყებს ადამიანი სახის ტეიპების გამოყენებას. თუ ეს ადრეულ ასაკში, მაგალითად, 23 წლიდან ხდება, როდესაც მიმიკური ნაოჭები ფორმირდება, მაშინ ეს მეთოდი ქმედითია და ნამდვილად შველის – სახეზე დაკრული ტეიპების გამო ადამიანი წყვეტს სახის ჭმუხვნას და ივიწყებს მიმიკებს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ასტრიდ ოვეიანის თქმით, ტეიპების გამოყენება უკვე არაეფექტური ხდება.
„თუ უკვე 35 წლის ან მეტის ხართ, უკვე გაქვთ ნაოჭები და სახის ჭმუხვნის ჩვევა, მაშინ ტეიპების გამოყენების დაწყება უფრო გართობაა. თუ სახეზე ნაოჭები და ნაწიბური ხაზები უკვე ჩამოყალიბებულია, ამას უკვე ვერანაირი ტეიპი ვერ გამოასწორებს“, — განმარტა ექიმმა–კოსმეტოლოგმა.
კოსმეტოლოგი ხაზს უსვამს, რომ ნაოჭების საწინააღმდეგო ნებისმიერი მეთოდის გამოყენებამდე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.