ცეკვა-სიმღერა და სასმელი, ანუ როგორ „მოვიპაროთ“ ქორწილი – „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანია

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველი შეძლებს გამართოს როგორც ხალხმრავალი ქორწილი, ისე ქელეხი.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. პარტია „გირჩმა“ და მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვიტეს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ღია სივრცეშიც კი ხალხმრავალ შეკრებას კრძალავს, თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს და ამომრჩევლის „გულები დაიპყროს“.

გახარია: შეზღუდვები საარჩევნო კამპანიას არ ეხება>>

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენჯერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები ეხება სარიტუალო ღონისძიებებს და ეს არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე. ამის გათვალისწინებით ზურაბ ჯაფარიძე Facebook-გვერდზე ამომრჩეველს თავისი პარტიის მომსახურებას სთავაზობს: წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მათ შეუძლიათ გამართონ ხალხმრავალი ქორწილები, იუბილეები, კორპორატიული ღონისძიებები და ქელეხებიც კი.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში. შეხვედრები იქნება სხვადასხვა ტიპის და გარდა პარტიული აგიტაციისა და გირჩის ლიდერებთან პირადი კონტაქტის დამყარებისა, თავის თავში შეიძლება მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, კერძების დაგემოვნებას, ალკოჰოლის მიღებას, სიმღერასა და სხვადასხვა რიტუალების ჩატარებას“, – წერს ჯაფარიძე.

პარტიაში აცხადებენ, რომ ასეთი შეხვედრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან აღქმული იქნება, როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა და ხელის შეშლა.

„ავტომობილი საჩუქრად“ – რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“

მანამდე „გირჩმა“ იმისთვის, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიზიდოს, Tesla-ს მარკის ავტომობილის გათამაშება გამოაცხადა მათ შორის, ვინც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ნებისმიერ პარტიას მისცემს ხმას.

გაერთიანებული ოპოზიცია მხარს უჭერს საპარლამენტო არჩევნებზე დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძის წარდგენას.

პარტია „გირჩი“ პოლიტიკურ ასპარეზზე 2015 წელს გამოჩნდა და ის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წარმომადგენელმა შექმნა.

პარტია ლიბერალური მიმდინარეობისაა და ცნობილია თავისი არაორდინარული საქციელით. მისმა ლიდერებმა შესანიშნავად იციან, როგორ აუარონ გვერდი კანონს. ამ პარტიის წყალობით საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოხდა.