თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყარო სამ შემთხვევაში უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, აქედან შვიდი ბათუმის საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, სამი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, 12 შემთხვევა ბათუმს უკავშირდება, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ორი აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირია, ხუთი კი „იმპორტირებული“ შემთხვევაა.
როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, წყაროს დადგენის მიზნით სამი პაციენტის კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 421 ინფიცირებული მკურნალობს. უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კი 22 პაციენტი გადის მკურნალობას.
ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია 17 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.