ნათია თურნავა – ვიპოვეთ ოქროს შუალედი, როგორ არ შევზღუდოთ ბიზნესი და ვმართოთ ეპიდემია

ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად შეიცვალა. დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 45 და 44 შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო მთავრობამ გარკვეული შეზღუდვებისა და აკრძალვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეკონომიკის ხელმეორედ სრული დაკეტვა საჭირო არ გახდეს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.

საქართველოში ინვესტიციები უმნიშვნელოდ, მაგრამ გაიზარდა: ვინ ლიდერობს>>

ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად შეიცვალა უარესობისკენ. დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 45 და 44 შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო მთავრობამ გარკვეული შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესება გადაწყვიტა.

„ვიპოვეთ მეტად დაბალანსებული მიდგომა, ოქროს შუალედი, როგორ არ შევზღუდოთ ბიზნესი და როგორ ვმართოთ ეპიდემია. ჩვენ არ გადავალთ ჩვენს პოზიციას და, დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ მდგომარეობის მართვას ისე, რომ ბიზნესს მინიმალური ზიანი მიადგეს“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება ამ პერიოდში არა მხოლოდ წერტილოვან რეაგირებას ახდენს კორონავირუსის პანდემიის გამოწვევაზე, არამედ ისწავლა მისი მართვა.

თურნავა: საქართველოს მოქალაქეებმა შიდა ტურიზმს კარგი დახმარება გაუწიეს

„რას ნიშნავს „ვისწავლეთ“ – ეს არის ჯანდაცვის სისტემის მეტი მზადყოფნა, ეს არის უფრო მეტი ტესტი, რომელიც გვაქვს და გარკვეულწილად ანაცვლებს სხვა უფრო მკაცრ ღონისძიებებს, ეს არის რეაგირების სწრაფი ალგორითმი, წერტილოვანი და არა ისე, რომ მთელი დარგის ან დიდი რეგიონის დაკეტვა დაგვჭირდეს. მეორე ტალღა მოდის და იზრდება შემთხვევები, მაგრამ ჩვენთვის ეს ნაკლებ გამოწვევას წარმოადგენს დღეს, ვიდრე პანდემიის დასაწყისში“, – აღნიშნა თურნავამ.

თურნავას განცხადებით, საქართველო, როგორც ცალკე აღებული ქვეყანა, ეპიდემიას ჯერჯერობით ვერ გააქრობს, მაგრამ ისწავლის მასთან ერთად ცხოვრებას.

„ჩვენ ახლა პარალელურად ვმართავთ ეპიდემიას და ამავდროულად ვაღწევთ პოზიტივს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ინვესტიციების ზრდა, ახალი საწარმოები, რომლებიც იხსნება, თუნდაც შიდა ტურიზმი, რომელიც, გამოწვევების მიუხედავად, არ შევზღუდეთ და მივეცით საშუალება ტურისტულ ინდუსტრიას, რომ ემუშავა“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავა: მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება

ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, კინოთეატრების, თეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ნოემბრამდე გადაიდო.

ასევე 10 სექტემბრიდან აიკრძალა ქორწილების, ქელეხების, სხვადასხვა მასობრივი ღონისძიების ჩატარება.

არ იგეგმება სასწავლო პროცესის გადადება, თუმცა ბათუმსა და ქობულეთში სწავლა ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.