გამყრელიძე: რვადღიან საკარანტინო ვადას მხოლოდ ქვეყანაში შემოსული პირები დაექვემდებარებიან

მერვე დღეს ყველა ამ ადამიანს PCR–ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი დატოვებენ საკარანტინო ზონას, თუმცა მე-12 დღეს ვალდებული იქნებიან ტესტი კიდევ ერთხელ ჩაიტარონ.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რვადღიან საკარანტინო ვადას მხოლოდ საქართველოში შემოსული მოქალაქეები დაექვემდებარებიან და არა ქვეყანაში ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირები, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

სტაციონარი თუ კარანტინი – ამას კორონავირუსზე ხელმეორე ტესტირება აჩვენებს

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება. აღნიშნული რეგულაცია ძალაში 15 სექტემბრიდან შედის.

მანამდე უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე 12-დღიან საკარანტინო პერიოდს ექვემდებარებოდა. თავდაპირველად აღნიშნული ვადა 14 დღით იყო განსაზღვრული. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მერვე დღეს ყველა ამ ადამიანს PCR–ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი დატოვებენ საკარანტინო ზონას, თუმცა მე-12 დღეს ვალდებული იქნებიან ტესტი კიდევ ერთხელ ჩაიტარონ.

„საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მიდის რვადღიან კარანტინში. მერვე დღეს სახელმწიფოს ხარჯზე გაუკეთდებათ PCR–ტესტი და თუ ის უარყოფითია, მაშინ ისინი გათავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მეთორმეტე დღეს კვლავ ჩაიტარებენ ტესტს სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გამყრელიძემ. 
საქართველოში კარანტინის ვადა მცირდება

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 8 დღის გასვლის შემდეგ, მე-12 დღემდე „სასურველია ადამიანს ჰქონდეს ნაკლები კონტაქტი საზოგადოებასთან, თუ რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის“.

ქართველი ეპიდემიოლოგები რვადღიანი კარანტინის გასვლის შემდეგ მოქალაქეებს ურჩევენ თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და გარკვეულ შეზღუდვებს მიმართონ.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1729-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1321 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.