მსოფლიო დღეს

შეცვლის თუ არა ტრამპი პენტაგონის შეფს: რას ფიქრობს პრეზიდენტი

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპსა და პენტაგონის შეფ ესპერს შორის ურთიერთობა გასულ კვირაში კიდევ უფრო დაიძაბა.
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ქვეყნის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრით მარკ ესპერით და პენტაგონის ხელმძღვანელად ახალ კანდიდატურას განიხილავს, იუწყება NBS News პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წყაროებზე დაყრდნობით.

დონალდ ტრამპი არეულობის შეჩერების ერთადერთ გზას ასახელებს: პოსტი Twitter-ზე

ტელეარხის ინფორმაციით, ტრამპი თავის მრჩევლებს შეხვდა და მათთან ესპერის შესაძლო გათავისუფლებაზე იმსჯელა. ტრამპმა პენტაგონის შეფობის კანდიდატად ვეტერანთა საკითხებში სახელმწიფო მდივანი რობერტ უილკი დაასახელა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2018 წლის ზაფხულში დამტკიცდა. ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსნის თქმით, პრეზიდენტმა ეს საკითხი მაშინვე განიხილა უილკისთან თეთრ სახლში.  

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. წყაროს ცნობით, ქვეყნის მეთაური არ გეგმავს მარკ ესპერის გათავისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

სანამ ტრამპი პრეზიდენტია: თეთრი სახლის პასუხი „რასისტული“ ძეგლების აღების მოთხოვნაზე>>

ტელეარხი ირწმუნება, რომ ტრამპსა და სამხედრო მინისტრს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა გასულ კვირაში, როდესაც ესპერმა გაზეთ Stars and stripes-ის დაფინანსების შემცირების შესახებ განაცხადა. აღნიშნული გაზეთი ამერიკელი სამხედროებისთვის სამოქალაქო ომის დროიდან გამოიცემა. ამერიკის ლიდერმა სახალხოდ უარყო ეს გადაწყვეტილება.

სააგენტო Bloomberg-მა ჯერ კიდევ 12 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი ესპერს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გაათავისუფლებს. ამავე დროს, გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ ესპერმა ახლობელ ადამიანებს თანამდებობის დატოვების სურვილის შესახებ განუცხადა – მიუხედავად სახელმწიფოს მეთაურის არჩევნების შედეგებისა.