სასწავლებლებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასური ოქტომბრისთვის ჩაერიცხებათ

სტუდენტის სტატუსი აღუდგებათ იმ ახალგაზრდებსაც, რომლებსაც ის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ჰქონდათ შეჩერებული.
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასური ოქტომბრისთვის ჩაერიცხებათ, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა. 

მთავრობა სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებს 150 ათასზე ნაკლები სოციალური ქულა აქვთ, სახელმწიფო სრულად დაუფარავს 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს. 

სტუდენტის შეჩერებული სტატუსის აღდგენისა და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

„როგორც იცით, ერთი სასწავლო წელი ორ სემესტრს მოიცავს. ამ შემთხვევაში საუბარია იმ პერიოდზე, როცა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით ეკონომიკური სირთულეები გაჩნდა. ეს იყო 2019–2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი... სწავლის საფასური სრულად დაფინანსდება. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო და სიებიც განისაზღვრა“, – განაცხადა მიცკევიჩმა.

მისი თქმით, უწყება ასევე ელოდება პირველკურსელთა ჩარიცხვას, რათა მათ შორისაც გამოავლინოს სოციალურად დაუცველი პირები.

რაც შეეხება უმაღლესი სასწავლებლებისთვის პანდემიის გამო დადგენილ პრევენციულ ზომებს, ყველა ძირითადმა უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა შემოწმება და სასწავლო წლის დასაწყებად მზად არის.