გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში მისი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას დღეს, 7 სექტემბერს გააკეთებს.
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. 

გიგა ბოკერია სააკაშვილის დაბრუნების გეგმებს გამოეხმაურა

ამ ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა მანამდე უკვე განაცხადეს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ლოგიკური იქნება მომავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის წამოყენება.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

გუშინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში მისი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას დღეს, 7 სექტემბერს გააკეთებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა 27 აგვისტოს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მისი მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომებისთვის ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

ეს სააკაშვილის პირველი განცხადება არ არის, რომელიც სამშობლოში მის დაბრუნებას ეხება – მან მსგავსი განცხადება გააკეთა აგრეთვე 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თუმცა ორივე შემთხვევაში დაპირება დაპირებად დარჩა.  

ციხე თუ პრემიერობა ანუ რა გზით შემოვა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა. იგი საქართველოში ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ექვსი წელი აქვს მისჯილი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააპატიმრებენ, თუ მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეიწყალებს.

სააკაშვილი ამჟმად უკრაინაში ცხოვრობს, აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეობა და უკავია უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა.

ოფიციალური პროცედურის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარლამენტს განსახილველად წარუდგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. თუ ეს კანდიდატურა ჩავარდება, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს.

ახალი არჩევნები არ ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის განმავლობაში პარლამენტი შეძლებს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების 1/3-ის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრის დამტკიცებას.