თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 7 სექტემბერს გამოცხადებულია შტორმი - ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვაა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, ზღვაში შესვლა აკრძალულია - ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.
„გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში“, - აფრთხილებს დამსვენებლებს სამაშველო სამსახური.
შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე თეთრი ალმები აღიმართება.