აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ტესტირების შედეგები ცნობილია

ტესტი ფაქტობრივად, მაუწყებლის ყველა თანამშრომელს აუღეს, მათ შორის მათ, ვისაც უშუალო შემხებლობა ინფიცირებულ თანამშრომელთან არ ჰქონია
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აჭარის ტელევიზიაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა 5 სექტემბერს დადასტურდა. ამ დროისთვის, აჭარის მაუწყებელი ჩაკეტილია და პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს, ეთერში კი საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება ხორციელდება.

COVID-19 საქართველოში: ერთ დღე-ღამეში 8,5 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა

როგორც ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი აცხადებს, ტესტი ფაქტობრივად, მაუწყებლის ყველა თანამშრომელს აუღეს, მათ შორის მათ, ვისაც უშუალო შემხებლობა ინფიცირებულ თანამშრომელთან არ ჰქონია.

დღეს ჩანიშნულია საინფორმაციო სამსახურის თათბირი, სადაც გადაწყდება, როდის აღადგენს მუშაობას ტელევიზია, მანამდე კი ეთერში საქართველოს პირველი არხი იმაუწყებლებს.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა ტესტები, არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა კოვიდინფექცია. მოგეხსენებათ, ზაფხულის თვეებია, ბევრი ადამიანი შვებულებაშიც იყო და ვინც მუშაობდა, პრაქტიკულად ყველა გაიტესტა. თუ არ ვცდები, 10 ადამიანი კარანტინში არის ამ დროისათვის და რამდენიმე დღეში განმეორებით ჩაუტარდებათ ტესტირება. ვცდილობთ, აღვადგინოთ ეთერი და დღეს უკვე ჩანიშნული გვაქვს საინფორმაციო სამსახურის თათბირი. ჩემი დიდი სურვილია, ხვალიდან აღვადგინოთ საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა“, – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

ხუთი უცნობი წყარო - დეტალები COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი 4 სექტემბერს დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ტელევიზიასა და რადიოში ჯამში 340 ადამიანი მუშაობს.

დღეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ტელევიზიის კლასტერი არ გაჩნდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 1 650 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 310 ადამიანი. გარდაიცვალა 19 პაციენტი. გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა 29 ახალი შემთხვევა.