თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება

ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული ცხრა სამხედრო კონვოი 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 7-18 სექტემბერს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner 2020) მასპინძლობს. საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა სწავლებაში  მონაწილეობის მიზნითაა შემოყვანილი.

ხაშურის შემოვლითი ახალი გზა გაიხსნა - მარშრუტის ვიდეო

„სწავლებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში საზღვაო გზით უკვე შემოყვანილია ამერიკული სამხედრო ტექნიკა - საბრძოლო ჯავშანმანქანები Striker, ჯავშანმანქანები Hammer და ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია, რომლის გადასროლაც ვაზიანში - სწავლების თეატრში 6 და 8 სექტემბერს იგეგმება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული ცხრა სამხედრო კონვოი 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება >>

უწყების ცნობით,  სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოდის.

სწავლება ოფიციალურად ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.