რომელი ქვეყნებიდან გეგმავენ საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლას?

პროექტმა „იმუშავე საქართველოდან“ სტარტი 27 აგვისტოს აიღო და ამ მოკლე პერიოდში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა დაინტერესება შეძლო.
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოს თითქმის 40 ქვეყნიდან, კერძოდ, აშშ-დან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და ა.შ. 200-ზე მეტმა მოქალაქემ ახალ პროექტში „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და რეგისტრაცია გაიარა, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 

„შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა" – რამდენ უცხოელს სურს საქართველოდან დისტანციურად მუშაობა

უწყების ცნობით, 138 პირი საქართველოში ჩამოსვლას ოჯახთან ერთად გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ განცხადებაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში საქართველოდან დისტანციურად მუშაობას სხვადასხვა ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქე შეძლებს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის სიტყვებით, პროექტმა „იმუშავე საქართველოდან“ სტარტი 27 აგვისტოს აიღო და ამ მოკლე პერიოდში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა დაინტერესება შეძლო.

„პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ოჯახის წევრებთან ერთად იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას და სამზარეულოს. პროექტი დაეხმარება კერძო სექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, რადგან ახალი პროექტი გიდების, ტურისტული ტრანსპორტის, ბინების გაქირავების, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის იქნება მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო“, – განაცხადა ქვრივიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“.

The Daily Beast: „დაგღალათ ამერიკამ? საქართველო მიგიღებთ">>>

წესების თანახმად, საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველმა უცხოეთის მოქალაქემ განაცხადი უნდა შეავსოს ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დარეგისტრირებისთვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მოქმედი პასპორტის ასლი, ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), ინფორმაცია უცხოელ დამსაქმებელზე, უცხოელი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია სამსახურებრივი პოზიციისა და შემოსავლის შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დასტური (საბანკო ამონაწერი ან რაიმე სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ თვეში 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარის ოდენობით, წინასწარი დასტური სავალდებულო 12-დღიანი კარანტინის გავლის შესახებ, სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოქმედი იქნება არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში, და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხვევაში.